საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

100 წლის წინ, 1919 წლის 14-16 თებერვალს საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა

„14 თებერვალი საქართველოს არჩევნების ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და განსაკუთრებით წელს ეს თარიღი თითოეულ მოქალაქეს ახსენებს იმ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ პირველ საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებს უკავშირდება. 1919 წლის 14, 15, და 16 თებერვალს ქართველმა ხალხმა მონაწილეობა მიიღო დამფუძნებელი კრების საყოველთაო არჩევნებში, რომელიც საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისკენ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას ერთი საუკუნე შეუსრულდა. ზუსტად 100 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და საფუძველი ჩაუყარა იმ საარჩევნო კულტურას, რომლის განვითარებასა და გაძლიერებას დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

1919 წელს ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხზე ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია აქცენტი და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პრინციპები რომელსაც ის ეფუძნებოდა იმდროინდელი მსოფლიოსთვის ინოვაციად ითვლებოდა. არჩევნების საყოველთაოობა, ქალებისა და  ეთნიკური უმცირესობების აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები, ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც ამ არჩევნებს იმ დროისთვის უნიკალურსა და უაღრესად პროგრესულს ხდის.

დღეს მინდა საქართველოს თითოეული მოქალაქე რამდენიმე წუთით კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ ჩვენი ისტორიის იმ გარდამტეხ მომენტში, სადაც ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას ჩაეყარა საფუძველი და შევახსენოთ ის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ღირებულებები, რომლისთვის ბრძოლაც ჩვენმა ქვეყანამ სწორედ 100 წლის წინ დაიწყო“.

თამარ ჟვანია

ცესკოს თავმჯდომარე

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!