ჯორჯო გორი: ატალანტა – ვალენსიას მატჩი ბიოლოგიური ბომბი გამოდგა

ბერგამოს მერმა ჯორჯო გორიმ განაცხადა, რომ 19 თებერვალს, „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩი კორონავირუსის გავრცელებაში ბიოლოგიური ბომბი იყო.

ეს თამაში ბიოლოგიური ბომბი იყო. სამწუხაროდ, იმ დროს ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა და რომ ვირუსი ჩვენს შორის იყო. იტალიაში პირველი პაციენტი 23 თებერვალს დაფიქსირდა. თუ ინფექცია უკვე მიმოქცევაში იყო, სტადიონზე მყოფი 40 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. არავი იცოდა, რომ ვირუსი უკვე ჩვენთან იყო, ბევრი თამაშს ერთად უყურებდა სტადიონს მიღმაც და გამარჯვება ქუჩაში ერთად იზეიმეს.

თუმცა, ეს თამაში ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა, რადგან მთავარი ნაპერწკალი ალცანო ლომბარდოს საავადმყოფოში გაჩნდა, სადაც პაციენტი, ექიმები და ექთნები დაინფიცირდნენ, ეს იყო ეპიდემიის ცენტრალური ნაწილი“, – თქვა გორიმ.

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 756 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 779 შეადგინა.

დღეისათვის ქვეყანაში Covid 19-ის 97 689 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 13 030 პაციენტი.