დავით ზურაბიშვილი – “ნაცები მოვლენ” და “ვაიმე ნაცები არ მოვიდნენ”-ო რომ გაიძახიან, ამ კატეგორიის ხალხისთვის ნაცი მართლა ნაცი კი არ არის

პატარა განმარტებასავით არცთუ მთლად მარტივ თემაზე, მაგრამ შევეცდები გლეხი კაცისთვის გასაგებად ვთქვა.

“ნაცები მოვლენ” და “ვაიმე ნაცები არ მოვიდნენ”-ო რომ გაიძახიან, ამ კატეგორიის ხალხისთვის ნაცი მართლა ნაცი კი არ არის. პროპორციული არჩევნების პირობებში მიხეილ სააკაშვილის თუ ნაცმოძრაობის ერთპიროვნული მმართველობის აღდგენა რომ ფიზიკურად შეუძლებელია, ამდენი ამათაც კი ესმით.

“ნაცი” ამათთვის არის არა მიხეილ სააკაშვილის, არა ნაცმოძრაობის, ევროპული საქართველოს თუ ზოგადად წინა ხელისუფლების მომხრეების სახელი, არამედ ესაა ერთგვარი კრებსითი სიმბოლო, რომელიც აღნიშნავს პოსტსაბჭოური მმართველობის დასასრულს, ანუ ფსევდორელიგიურ-კრიმინალურ-კორუფციულ-ნაციონალისტური კოქტეილის მენტალობის ხალხის ნაცვლად ენჯეოშნიკების, სამოქალაქო აქტივისტების, ქლაბერების, არაქართველების, არამართლმადიდებლების, ინგლისურად მოლაპარაკეების, ლგბტქ-ების, ტოლერანტების და ა. შ., მოკლედ, მათთვის გაუგებარი და უცხო მენტალობის ხალხის მოსვლას ხელისუფლებაში.

სწორედ ამას ჰქვია მათ ენაზე “ნაცი”. წინა ხელისუფლების სახელი ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მოდერნიზაციის და პროდასავლური განვითარების მომხრეთა სტიგმატიზირების მიზნით გამოიყენება, თორემ მასე ნაცების დროინდელი პროკურატურის და ფინანსური პოლიციის ნახევარზე მეტი ან პარლამენტში უზით ან მთავრობაში. უზით, მაგრამ ისინი ნაცებში არ გადიან, რადგან კარგად არიან მორგებული ტრადიციულ (ანუ ზემოაღნიშნულ ფსევდორელიგიურ-კრიმინალურ-კორუფციულ-ნაციონალისტურ) ურთიერთობებს.

ამიტომ როდესაც პარლამენტის წინ შეკრებულ ახალგაზრდებს, “ესესერში” უიმედოდ ჩარჩენილები (და ხელისუფლებაში დღეს ძირითადად ასეთები შემორჩნენ) ნაცებს ეძახიან, ეს მხოლოდ შავი პიარი როდია მათი მხრიდან. ბევრ მათგანს ალალად ასე ჰგონია. აბა ახალგაზრდას თუ ფერადი ტანსაცმელი აცვია, ტატუ უჩანს, პირსინგი უკეთია, გრძელი თმა აქვს და კიდევ მიშა მშვილდაძეს უსმენს ტრიბუნაზე, სხვა ვინ იქნება?

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ძალიანაც ნუ ვიდარდებთ ამ რელიქტებზე. მით უმეტეს, რომ სანუგეშოს ვერაფერს ვეტყვით და მათ რომ ნაცები ჰგონიათ იმ კატეგორიის ხალხის მოსვლას ხელისუფლებაში ვერც გახარია შეაკავებს, ვერც ბატონი ბიძინა და ვერც გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.

#ნაცაპოკალიფსი

   
    Share    |                   
       
error: Content is protected !!